წითურა - ინფექციური დაავადება ( პედიატრია )
წითურა - ინფექციური დაავადება ( პედიატრია )
წითურა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმის სუსტი ინტოქსიკაციით, ზემო სასუნთქი გზების მსუბუქად გამოხატული კატარით, კონიუნქტივიტით, წითელას მსგავსი გამონაყრით, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, განსაკუთრებით - კეფის არეში. მეტსახელად მას 3 დღიან წითელას ან გერმანულ წითელას ეძახდნენ.

უწინ წითურა ითვლებოდა მსუბუქ ინფექციად, რომელიც ინტერესს წითელასთან დიფერენციაციის გამო იწვევდა. მას შემდეგ, რაც დადგენილ იქნა მისი როლი თანდაყოლილი მანკების და სიმახინჯეების ჩამოყალიბებაში, მისადმი ინტერესი გაიზარდა. თანდაყოლილი წითურას სინდრომი განიმარტება, როგორც მწვავე კონტაგიოზური ინფექცია რიგი ორგანოების დაზიანებით, ფართო სპექტრის კლინიკური გამოვლინებით, ხანგრძლივი პოსტნატალური პერიოდით და ვირუსის გამოყოფით.

ეპიდემიოლოგია. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემის მექანიზმი ჰაერ-წვეთოვანია. ვირუსის გამოყოფა ცხვირ-ხახიდან იწყება გამოყრამდე 7-10 დღით ადრე და გრძელდება 7 დღე და მეტი მის შემდეგ. ნაყოფის დაინფიცირება ხდება ტრანსპლაცენტურად. კონტაგიოზურობა მჭიდრო კოლექტივებში შეადგენს 100%-ს, ოჯახის პირობებში 50-60%-ს. დედისაგან მიღებული იმუნიტეტი 6 თვის მანძილზე იცავს ბავშვს დაავადებისაგან. ძირითადად ავადდებიან 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა და გვხვდება, უფრო ხშირად, გაზაფხულზე.

პათოგენეზი. ვირუსი იჭრება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში, გადადის ლიმფურ კვანძებში, სადაც მრავლდება და გამოყრამდე 7-9 დღით ადრე გადადის სისხლში (ვირუსემია). ამ დროს ვირუსის გამოყოფა ხდება ცხვირ-ხახიდან, სისხლიდან. გამოყრისას ვირუსი ჩნდება შარდში, განავალში. ვირუსი სისხლიდან ქრება გამოყრიდან 1 კვირის შემდეგ.სისხლში ვირუსის ცირკულაციის პასუხად ჩნდება ვირუსმანეიტრალიზებელი ანტისხეულები.

კლინიკა. პოსტნატალურად შეძენილი წითურას ინკუბაციური პერიოდი განისაზღვრება 15-24 დღით, უფრო ხშირად შეადგენს 16-18 დღეს. ხშირად პროდრომული პერიოდი არ არის და შეუმჩნეველი რჩება. ზოგჯერ აღინიშნება ზემო სასუნთქი გზების სუსტად გამოხატული კატარი, სურდო, ხველა, კონიუნქტივების ჰიპერემია. აღნიშნული მოვლენები ქრება რამოდენიმე საათიდან _ 2 დღეში. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია ან სუბფებრილური 37,3-37,5 0.იშვიათად აღწევს 38 0 -ს და რჩება 2-3 დღე. უფრო მოზრდილები შეიძლება უჩიოდნენ თავის ტკივილს. პირველი სიმპტომი, რომელიც ვლინდება, არის გამონაყარი; იგი ჩნდება სახეზე,კისერზე და რამდენიმე საათში ვრცელდება მთელ სხეულზე; უმთავრესად გვხვდება ზემო კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე, ზურგზე.გულმკერდზე, მუცელზე და სახეზე გამონაყარი ნაკლებადაა წარმოდგენილი; იგი ლაქოვან-კვანძოვანი, მკრთალი მოწითალო ფერისაა და ზოგჯერ აქვს კანიდან აწეული ზედაპირი. წითელას გამონაყრისაგან განსხვავებით, არ ახასიათებს შერწყმისაკენ ტენდენცია. ზოგჯერ აღინიშნება უფრო დიდი ელემენტები, მაგრამ ისინიც გამოირჩევიან ერთგვაროვანი სიდიდით და აქვთ მრგვალი ან ოვალური ფორმა. ჩვეულებრივ, წითურას გამონაყარი უხვად წარმოდგენილი არ არის. წითურას ტიპურ სიმპტომად ითვლება კეფის, კისრის უკანა და სხვა ლიმფური კვანძების გადიდება, რომელსაც ადგილი აქვს გამოყრამდე 1-3 დღით ადრე და რჩება 10-14 დღე გამოყრის შემდეგ. გადიდებული კვანძები ზოგჯერ ვიზუალურადაც შეიმჩნევა. გამონაყრამდე რბილ სასაზე და ლოყის ლორწოვან გარსებზე გვაქვს ენანთემა, მაგრამ არასოდეს არ არის ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქები. დაავადების დასაწყისში სისხლში ჩნდება უმნიშვნელო ლეიკოციტოზი ნეიტროფილოზით, ხოლო გამოყრის პერიოდში აღინიშნება ლეიკოპენია, შედარებითი ლიმფოციტოზი და პლაზმური უჯრედების მომატება 10-30%-მდე. გოგონებსა და ქალებში ხშირად გვხვდება პოლიართრიტის ნიშნები, ართრალგია, სახსრების შეშუპება და გადიდება, მაგრამ აღნიშნული მოვლენები ქრება 10-14 დღის განმავლობაში. დიაგნოზი და დიფერენციული დიაგნოსტიკა. დიაგნოზი ემყარება კლინიკურ სიმპტომატიკას: დამახასიათებელ გამონაყარს, რომელიც თითქმის ერთდროულად ვრცელდება მთელ ტანზე, ზემო სასუნთქი გზების სუსტად გამოვლენილ კატარსა და კონიუნქტივიტს, კეფისა და კისრის უკანა ლიმფური კვანძების ადრეულ გადიდებას (გამონაყრის გამოჩენამდე).დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს შემდეგ დაავადებებთან: წითელა, ქუნთრუშა, მედიკამენტური ეგზანთემა, მონონუკლეოზი, ენტეროვირუსული ინფექცია. წითელა გამოირჩევა წითურასგან, პირველ რიგში, მკაფიოდ გამოხატული ზემო სასუნთქი გზების კატარით, პროდრომის ბოლოს ლაქოვან-პაპულური გამონაყრის ეტაპობრივი გავრცელებითა და მისი მეტამორფოზით, ხოლო გამოყრამდე 1-2 დღით ადრე ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის პათოგნომური სიმპტომით. მხედველობაშია მისაღები, რომ პერიფერიული ლიმფური კვანძების გამოხატული გადიდება, განსაკუთრებით კეფისა და კისრის უკანა არეში, წითელასთვის დამახასიათებელი არ არის. წითურას განსხვავება მიტიგირებული წითელასგან ქმნის ერთგვარ სიძნელეს. აქ მნიშვნელოვანია ეპიდანამნეზი და პასიური იმუნიზაციის მიზნით იმუნოგლობულინის შეყვანა.წითურას მსგავსი ეგზანთემით მიმდინარეობს მედიკამენტური ალერგია. დიფერენციული დიაგნოზისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიმფური კვანძების გადიდებას, ანამნეზს (გამონაყარს მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით) და წითურასათვის დამახასიათებელ ცვლილებებს სისხლში.

გართულებები და პროგნოზი. გართულებები ზოგჯერ გვხვდება ნევრიტების, ართრიტების სახით; ენცეფალიტი იშვიათია (1 შემთხვევა 6000 ავადმყოფზე).პროგნოზი მოზრდილ ბავშვებში კეთილსაიმედოა, მაგრამ თანდაყოლილი წითურას დროს დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ენცეფალიტის მკურნალობის შემდეგ ბავშვთა მხოლოდ 30%-ს არ რჩება მოტორული ფუნქციისა და ფსიქიკის გამოხატული ცვლილებები.

მკურნალობა: გამოყრის პერიოდში. მედიკამენტურ თერაპიას არ საჭიროებს. ერთეულ შემთხვევებში ტარდება სიმპტომური ან პათოგენეზური მკურნალობა.

პროფილაქტიკა : იმუნოგლობულინის შეყვანა 0,55 მლ/კგ ორსულისათვის ხდება უკიდურეს შემთხვევაში, როცა ორსულობის შეწყვეტა შეუძლებელია (იგი გარანტიას არ იძლევა, რომ ნაყოფს თანდაყოლილი წითურა არ განუვითარდება). აცრას ექვემდებარება ყველა ბავშვი (გოგონები, ბიჭები) 15 თვის ასაკიდან, მოზრდილები, პრეპუბერტული ასაკის გოგონები და ჰემაგლუტინაციის დამუხრუჭების უარყოფითი რეაქციის მქონე ქალები. ბოლო დროს წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა კომბინირებული MMR-ვაქცინით (წითელას, პაროტიტისა და წითურას აწინააღმდეგო). ამ ვაქცინის განმეორებით შეყვანა წითელას (თუ ასეთი ვაქცინაციაა კალენდარში) ასაცრელად უსაფრთხოა

წყარო: med-doctor.net