წითელა -  ინფექციური დაავადება ( პედიატრია )
წითელა - ინფექციური დაავადება ( პედიატრია )
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, თვალის, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება,ლაქოვან-პაპულური გამონაყარი და სასუნთქი ორგანოების მხრივ ხშირი გართულებები. ეტიოლოგია და ეპიდემიოლოგია. ვირუსის გამოყოფა შეიძლება სისხლიდან, შრატიდან, ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან. ინფექციის წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმით დაავადებული პირი, მათ შორის ისინი, ვისაც კლინიკის სუსტი გამოვლინება ქვს პასიური იმუნიზაციის გამო (მიტიგირებული ფორმა). ვირუსი ორგანიზმიდან გამოიყოფა ინკუბაციური პერიოდის ბოლო 1-2 დღეს, პროდრომულ პერიოდში (კატარული პერიოდი) და 3-4 დღე გამონაყრის პერიოდში; მე-5 დღიდან გამოყოფა წყდება. ინფექცია გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ლაპარაკის, ხველისა და ცხვირცემინების დროს წვეთოვან აეროზოლში მყოფი ვირუსები ჰაერის ნაკადით ვრცელდებიან დახურულ შენობებში დიდ მანძილზე, დერეფნისა და ვენტილაციის საშუალებით შესაძლოა, ვირუსი გავრცელდეს მეზობელ სადარბაზოებსა და სხვა სართულებზე. მესამე პირით ინფექციის გადატანა იშვიათია,რადგან ადამიანის ორგანიზმის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება. კონტაგიოზურობა აღწევს თითქმის 100%. დედისაგან მიღებული პასიური იმუნიტეტის გამო ბავშვები 4-6 თვემდე არ ავადდებიან (თუ დედას გადატანილი აქვს წითელა). 9 თვიდან პასიური იმუნიტეტი ბავშვებში იკარგება. დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 1-დან 5 წლამდე ასაკს. ინფექციას ახასიათებს სეზონურობა: ზამთარ-გაზაფხული (დეკემბერი - მაისი), მაღალი მაჩვენებლები ყოველ 3-4 წელიწადში. აქტიურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია მკვეთრად იცვლება; დაავადება იღებს სპორადულ ხასიათს და აღნიშნული ეპიდემიური კანონზომიერება ირღვევა. პათოგენეზი. ვირუსი იჭრება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში. ამის შემდეგ ვირუსი გადადის სისხლში _ ვირუსემია. დადგენილია, რომ ეს პროცესი ვითარდება ინკუბაციის პირველ დღეებში, ტიტრის მაქსიმალური მომატებით პროდრომის პერიოდში. წითელას ვირუსს ახასიათებს განსაკუთრებული ტროპიზმი ცნს-ის, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების მიმართ. კლინიკა. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 9-10, ზოგჯერ 6-12 დღეს; იშვიათად გრძელდება 17 დღემდე. ბავშვებს, რომლებმაც ინკუბაციურ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით მიიღეს იმუნოგლობულინი, სისხლის ან პლაზმის გადასხმები, ინკუბაციური პერიოდი გრძელდებათ 21 დღემდე.კლინიკურ მიმდინარეობაში არჩევენ პროდრომულ, გამონაყრის და პიგმენტაციის პერიოდებს.პროდრომული პერიოდი გრძელდება 3-5 დღე. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 38,5 - 39 0 C-მდე, ზემო სასუნთქი გზების კატარით, კონიუნქტივიტით, მშრალი ხასიათის შემაწუხებელი ხველით, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით, ცხვირცემინებით, რინიტით. კატარული მოვლენები თანდათან მძაფრდება და გამონაყრის დაწყებისას აღწევს პიკს. ცხვირიდან აღინიშნება უხვი გამონადენი, დასაწყისში სეროზული, ხოლო შემდგომ სეროზულ-ჩირქოვანი. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, უძლურებას, მადის დაქვეითებას, უძილობას, ცრემლდენას. ზოგჯერ პროდრომული პერიოდი მიმდინარეობს ძალიან მძიმედ: ტემპერატურის უეცარი მომატებით, კრუნჩხვით, პნევმონიით, კრუპის სინდრომით. კანზე გამოყრამდე 1-2 დღით ადრე აღინიშნება წითელი, არასწორი ფორმის ლაქების არსებობა რბილ და მაგარ სასაზე. ეს არის წითელას სადიაგნოსტიკო მნიშვნელოვანი ნიშანი (ენანთემა). ლაქები 1-2 დღის შემდეგ ერთმანეთს ერწყმის და იკარგება ჰიპერემიული ლორწოვანი გარსის ფონზე. თითქმის ერთდროულად ან ზოგჯერ უფრო ადრე ჩნდება წითელასთვის პათოგნომური ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის სიმპტომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძირითადი კბილების, ტუჩებისა და ღრძილების ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნების გაჩენა. ისინი დაახლოებით ცერცვის მარცვლის ზომისაა, შემოფარგლულია ანთებადი წითელი ზოლით და ლორწოვანს არ სცილდება ტამპონით. ამასთანავე ლორწოვანი გარსი ხდება ჰიპერემიული, რბილდება და ფაშრდება. მკაფიოდ შემოფარგლული კონიუნქტივიტი (ქუთოთოს კიდის გასწვრივ) შეიძლება ჩაითვალოს დამატებით სადიაგნოსტიკო სიმპტომად პროდრომულ პერიოდში. პირველი ელემენტები აღინიშნება ყურის უკან, ნიჟარასთან ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე. 24სთ-ს განმავლობაში გამონაყარი სწრაფად ვრცელდება მთელ სახეზე (ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ჩათვლით), კისერზე, გულ-მკერდის ზემო ნაწილზე, ხელებზე. გამონაყარი უკვე ღებულობს ლაქოვან-პაპულურ ხასიათს. შემდეგი 24სთ-ს განმავლობაში გამონაყარი ჩნდება ზურგზე,მუცელსა და კიდურებზე, მე-3 დღეს _ტერფებზე; ამავე დროს იწყება მათი გაფერმკრთალება სახეზე. გამონაყარი ფერმკრთალდება და ქრება იმავე თანმიმდევრობით, როგორც დაიწყო. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება,გამონაყარი მით უფრო ხშირი და შერწყმული ხასიათისაა. წითელას ამონაყარი ხასიათდება მცირე ქავილით. პიგმენტაციის პერიოდი გრძელდება 1-2 კვირის ანმავლობაში; პროდრომულ პერიოდში შეიძლება გვქონდეს ტკივილები მუცლის არეში, რომელიც ხშირად გამოვლინდება აპენდიციტის სიმპტომკომპლექსით, რაც განპირობებულია აპენდიქსის ლიმფური წარმონაქმნების თავისებური მორფოლოგიური ცვლილებებით. კლასიფიკაცია. არჩევენ ტიპურად და ატიპურად მიმდინარე წითელას. ტიპურ შემთხვევებში სახეზეა ყველა სიმპტომკომპლექსი. ატიპური ფორმების დროს ძირითადი სიმპტომები წაშლილია ან არ არსებობს;წითელას ხშირი გართულებაა კატარული ოტიტი, კატარული და აფთოზური სტომატიტი,რომლებიც გვხვდებიან პიგმენტაციის პერიოდში. დიაგნოზის დადგენა მთლიანად ეყრდნობა კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.წითელასაგან განსხვავებით ქუნთრუშას არ ახასიათებს ზემო სასუნთქი გზების კატარი.გამონაყარი ვითარდება დაავადების პირველსავე დღეს, წვრილწინწკლოვანია და ვრცელდება მთელ ტანზე (ჰიპერემიულ ფონზე). აღსანიშნავია მკაფიოდ გამოხატული ალისფერი ანგინ.წლამდე ასაკის ბავშვებში წითელას კლინიკა მოზრდილების კლინიკის იდენტურია, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ატიპური მიმდინარეობა. გამოკვლევები მოკლებულია დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას. მკურნალობა. ავადმყოფები, უმთავრესად რჩებიან ბინის პირობებში. ჰოსპიტალიზაცია წარმოებს მხოლოდ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას. სტაციონარში ავადმყოფის იზოლირება ხდება ბოქსებში ან სათანადო, იზოლირებულ პალატებში. დიდი მნიშვნელობა აქვს წოლითი რეჟიმის დაცვას, რომელიც გრძელდება ტემპერატურის ნორმალიზაციიდან 1-2 დღის შემდეგაც. ავადმყოფის ოთახი საჭიროა ხშირად ნიავდებოდეს, დაცული იყოს ტენიანობა, განათება, თუმცა ავადმყოფს თვალებზე მკაფიო სინათლე არ უნდა ეცემოდეს. მეორადი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იზღუდება. ეს ეხება მცირეასაკოვან ბავშვებს, რომელთა შორის სტრეპტო- და ტაფილოკოკური ინფექციების განვითარების საშიშროება დიდია. კერატიტის პროფილაქტიკის მიზნით ჩირქსა და ფუფხს აცილებენ თბილი წყლით ან 2% სოდის ხსნარით, რის შემდეგაც თვალში აწვეთებენ რეტინოლაცეტატის 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში.პროფილაქტიკა: წითელას საწინააღმდეგო აქტიური პროფილაქტიკა ტარდება ცოცხალი,შესუსტებული ვაქცინით, რის შედეგადაც ორგანიზმი გამოიმუშავებს აქტიურ იმუნიტეტს.იშვიათად, დაახლოებით 2-5%-ში ვაქცინაციის შემდეგ ბავშვები შეიძლება დაავადდნენ წითელას ტიპური მიმდინარეობით, რაც აიხსნება ანტისხეულების არარსებობით. ვაქცინა კეთდება კანქვეშ 9-12 თვის ასაკიდან, ზოგიერთ ქვეყნებში მეორადი რევაქცინაციით 4-6 წლის ასაკში) და 90-95% ბავშვების ვაქცინაციით ხდება დაავადების მასიური ლიკვიდაცია (იფარგლება ერთეული შემთხვევებით). ბოლო წლებში მოწოდებულია ვაქცინა MMR წითელას, წითურასა და პაროტიტის საწინააღმდეგოდ.

წყარო: med-doctor.net