ნაკვალევი მეორე ნაწილი (3 თავი)
ნაკვალევი მეორე ნაწილი (3 თავი)
მესამე თავი
ასე დაიწყო ექსტრემითა და თავგადასავლებით სავსე ახალი ცხოვრება ჯემალ ქისტაურთან ერთად. გვერდიდან არ მიშორებდა. ის ჩემთვის უფროს მეგობრად იქცა, უზომოდ დიდ პატივს ვცემდი, სიცარიელე რომელსაც ჩემი ოჯახისა და მეგობრების მონატრებით განვიცდიდი ამ ადამიანმა შეავსო. ის განსაკუთრებით ერთი თვისების გამო მიყვარდა, ცდილობდა ჩემთვის ცხოვრებაში სწორი მიმართულება ეჩვენებინა.
- მე რას მიყურებ? ჩემი ცხოვრება თითქმის დავასრულე. კარგად შემომხედე, რა მრჩება? სახელი? ან ეს სახელი რას მაძლევს? პრივილეგიას ზოგიერთ მშიშარა და უსუსური ადამინის თვალში? საბოლოოდ ხელში არაფერი მრჩება. გარდა მუდმივი ბრძოლისა და ციხე-ციხე ხეტიალისა. ახალგაზრდობაში ამას ვერ ვიაზრებდი. ეხლანდელი გადმოსახედით კი... სამწუხაროდ დროს უკან ვერ დააბრუნებ. შენ ეხლა იწყებ ცხოვრებას. მინდა ჩემს შეცდომებზე ისწავლო. არ ვიცი რამდენად მოახერხებ, როგორც წესი საკუთარ თავში ხარვეზების დანახვა არ შეგვიძლია. მე პრინციპებსა და სტერეოტიპებს ყველაფერი შევწირე. მყავდა საყვარელი ქალი, იქნებ შვილებამდეც მივსულიყავით, მაგრამ შემეშინდა. შემეშინდა იმ პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების რასაც საკუთარი ოჯახი დამაკისრებდა. რატომღაც უფრო იოლად მეჩვენებოდა მარტოდ-მარტო ხეტიალი. ანგარიშს არავის და არაფერს ვუწევდი. მხდალი გამოვდექი. ტყვიას წინ მკერდით ვუდგებოდი, არადა ერთი პატარა გოგოს სიყვარულის კი პანიკურად მეშინოდა. არ მინდა ჩემი გზა გაიარო. აქ იმისთვის არ წამომიყვანიხარ, რომ ჩემს ჯგუფში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცის ადგილი დაიკავო. შენ ჩემთვის ვაჟი იქნები, მემკვიდრე. გესმის ჩემი?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, თან ვფიქრობდი, თუ მისი საქმის გამგრძელებლად და მომავალ მემკვიდრედ მზრდიდა მის ბედს როგორ არ გავიზიარებდი? კითხვები მიჩნდებოდა, მაგრამ პასუხები არ მქონდა.
- რატომ მაინც და მაინც მე? რით დავიმსახურე ასეთი ნდობა?
- არ ვიცი, უბრალოდ ასე მინდა. - ოდნავ გვერდულად ეღიმებოდა მას.
მიუხედავად ჯემალის სურვილებისა, უნდა ვაღიარო ძნელია ამ წრეში იტრიალო და სუფთად დარჩე. მინდოდა თუ არა, ჩემი ადგილისთვის ბრძოლა მიწევდა. იყო სხვადასხვა სახის დაჯგუფებები: რუსების, ჩეჩნების, ქართველების. კავკასიის წარმომადგენლები ერთმანეთს მეტ-ნაკლებად ანგარიშს ვუწევდით. გაყოფილი იყო სამოქმედო საზღვრებიც. თუ ჩვენი კუთვნილი ზონის გარეთ გვიწევდა გასვლა, ლიდერებს წინასწარ ვაფრთხილებდით, თავის მხრივ ისინი მეორე დაჯგუფების ხელმძღვანელებს ატყობინებდნენ. შესაბამისად დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას მაქსიმალურად ვერიდებოდით. ვიდრე ერთმანეთში სიმშვიდეს ვინარჩუნებდით ზედმეტად არც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გვაწუხებდნენ. თითქოს ერთი დიდი წრე იყო შეკრული. ყველა ყველას ანგარიშს უწევდა.
ჩვენი საქმიანობის სფერო ძირითადად ტრასებზე ყაჩაღობითა და რეკეტით შემოიფარგლებოდა. ცალსახად ვიცოდით რომ არ ვერეოდით პროსტიტუციასა და ნარკოტიკებში, ასევე ადამიანებით არალეგალურ ვაჭრობაში. სხვა დაჯგუფებების წარმომადგენლები ამბობდნენ, ეს ყველაზე მომგებიანი საქმეაო, მაგრამ ჩვენს „გრუზინულ“ სამართალში ასეთი მოქმედებები არ ჯდებოდა. შემოსავალი ისედაც საკმარისი გვქონდა და უფრო მეტად სულისა და სინდისის დაბინძურება არ გვინდოდა.
საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. ნელ-ნელა გარშემო მყოფების პატივისცემას ვიმსახურებდი. მართალია ფიცხი ხასიათი მქონდა, მაგრამ ხვდებოდნენ რომ უსამართლოდ არ ვბრაზდებოდი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ანგარიშგასაწევ პირად მოვიაზრებოდი. ჯემალისგან მოქმედების სრული თავისუფლება მქონდა. არ მზღუდავდა, მისი ნდობით არც მე ვსარგებლობდი ბოროტად.
არ მაკლდა გართობა, არ მაკლდა ლამაზი ქალების ყურადღებაც, სხვა კი რა უნდა მენატრა? პრინციპში სანატრებლის მეტი რა მქონდა, მაგრამ ილუზიებით არ ვიკვებებოდი. მხოლოდ ახდენილი ოცნებების მჯეროდა.
თითქმის ერთი წელი გავიდა რაც მოსკოვში ჯემალმა ჩამომიყვანა. სუსხიანი, ცივი ზამთარი იდგა. ბუნებით სითბოს მოყვარული გახლდით, და რუსეთის ყინვას დღემდე ვერ შევეგუე. გათოშილმა დათოვლილი მხრები დავიფერთხე, კარებში ატუზულ დაცვას მივესალმე და ხელების სრესით სახლში შევედი.
- ბატონ ჯემალს სტუმრები ყავს, და გთხოვათ მოსვლისთანავე მოინახულოთ! - მაფრთხილებს შიდა მოსამსახურე. მეც მისი კაბინეტის მიმართულებით მივდივარ.
კაბინეტში შევდივარ. ჯემალს წინ ჩემთვის უცნობი მამაკაცი უზის. რუსულად საუბრობენ. ჩემი შესვლა არ შეიმჩნია, მეც არ ვერევი. მას დიდი და ნათელი კაბინეტი აქვს, თეთრი ავეჯით გაწყობილი. კუთხეში ბუხარი ანთია და ოთახში სითბოსა და სიმყუდროვის განცდას ტოვებს. შეშა სასიამოვნოდ იწვის და მეც ინსტიქტურად ბუხრის მიმართულებით მივდივარ.
მესმის მათი საუბარი: - არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ყველა გზა თქვენთან მოდის. - ეუბნებოდა მამაკაცი.
- მე ძაღლებთან არ ვთანამშრომლობ. ალბათ ვიღაცაში გეშლებით. - მკაცრი ხმით პასუხობს ჯემალი.
- თანამშრომლობას არც გთხოვთ. უბრალოდ...
- კიდევ ერთხელ გიხსნით, მაგ საქმეში ჩემი ხალხი გარეულნი არ არიან. მესმის ოჯახისაც, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით.
- გოგონაა, ოცი წლის. ძალიან გთხოვთ, განადგურებულნი არიან. ამ ერთ ციდა გოგოს შეჰყურებენ.
- მერე რა გაუჭირდათ საიმისო, გამოსასყიდს ვერ უხდიან? - ჯემალისგან ასეთი საუბარი მიკვირდა, ის ხომ ბუნებით მოძალადე არ იყო, არც არასოდეს ამართლებდა ასეთ დანაშაულს.
- გამოსასყიდი პრობლემა არაა, მაგრამ როგორც ამბობენ წლების წინანდელ მტრობას აქვს ადგილი, სავარაუდოდ გოგონას ცოცხალს არ დატოვებენ, თქვენ თუ არ ჩაერევით.
- ხვდებით რას მთხოვთ? რომელი მომრიგებელი მოსამართლე მნახეთ, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოო? ან გარანტიები სადააა, რომ ქალიშვილის დაბრუნების შემთხვევაში მართლაც დასრულდება დაპირისპირება?
- გარანტიებს ვერავინ მისცემს საკმაოდ საჩოთირო სიტუაციაა, მაგრამ გოგონამ რა დააშავა?
- გოგონამ თუ არა ალბათ მამამ დააშავა! - ისევ მკაცრად ამბობს ჯემალი.
- აქ როგორც ორგანოების წარმომადგენელი არ მოვსულვარ. სამართლიანი კაცის სახელი გაქვთ, იმედი გვქონდა საღად განსჯიდით მოცემულ სიტუაციას, მართალია დანაშაული თქვენმა ხალხმა არ ჩაიდინა, მაგრამ თქვენს საკონტროლო ზონაში მოხდა, ამიტომ ნაწილობრივ პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათ. - იძაბება სამართალ დამცველი.
ჯემალს ირონიული ღიმილი შეეპარა: - ჩემთან დახმარებისთვის მოხვედით და თან მემუქრებით?
ალბათ მიხვდა შუამავალი, შეცდომა რომ დაუშვა და ტონი შეარბილა: - აქედან თქვენი თანხმობის გარეშე ვერ წავალ. ფაქტია, რომ გოგონას დახსნა ჭირდება. სადღაც ამ ტერიტორიაზე მალავენ. ამ ადგილებს კი თქვენზე უკეთ არავინ იცნობს.
- ვერაფერს დაგპირდებით. დაკარგული ხალხის ძებნა თქვენი პრეროგატივაა... - ისევ დამცინავი ღიმილით ეუბნებოდა ის მამაკაცს, თუმცა თვალებზე ეტყობოდა, რომ უკვე გოგონას გადარჩენისა თუ დაბრუნების გეგმაზე მუშაობდა.
სამართალდამცველი უკმაყოფილო სახით წამოდგა, მშრალად დაემშვიდობა და წავიდა.
რამდენიმე წუთით დაფიქრებული იჯდა ჯემალი. თავი ხელებში ჩაერგო, თითქოს ღელავდა, საკუთარ აზრებს კარგად წონიდა.
- შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? - დუმილი დაარღვია.
- მეგონა უკვე მიიღე გადაწყვეტილება. - პასუხს თავი ავარიდე.
ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, ოფიციალურად ასეც უნდა იცოდნენ. არააა აუცილებელი ბორისოვი ჩემზე გამოვიდეს. როგორც მივხვდი, ბორისოვი იმ დაჯგუფების მეთაური იყო გოგონა რომ მოიტაცეს.
- წესით ჩემზეც უნდა ეფიქრა, და ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე ასეთი სახის დანაშაული არ უნდა ჩაედინა, მაგრამ ბუნებით ეგოისტია, სხვის ინტერესებს არასოდეს ითვალისწინებს.
- ჩემის აზრით ზუსტად განსაზღვრა სად უნდა დაემალა გოგონა, იცოდა, რომ ჩვენზე ეჭვს არავინ მოიტანდა და არც აქ დაუწყებდნენ ძებნას.
- მაგრამ ეძებენ და თან საკმაოდ კარგადაც. კვალსაც ზუსტად მიყვებიან. ბორისოვი უფრო გონიერი კაცი მეგონა, მას კი ეტყობა მტრობამ გონება დაუბინდა, მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობს. არ მომწონს ამ ამბავში რომ მრევენ, არადა ვერც გოგონას ვიმეტებ. - დანანებით გადააქნია თავი.
- იქნებ მოგვეძებნა დაკარგული? - ნელ-ნელა შევაპარე მას.
- ბორისოვთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს. სასტიკი კაცია, მასთან მტრობა არ წაგვადგება. არ იფიქრო, თითქოს მეშინია, არა. უბრალოდ არ მინდა უაზრო ომს შევეწიროთ. დარწმუნებული ვარ საკუთარი დაპირისპირების მიზეზი თვითონაც არ ახსოვთ.
- თუ გოგონა მისით გაიქცევა? - ოდნავ ირიბად ვიღიმები მე და ვგრძნობ, რომ თვალებში უკვე ჭანჭიკები დამიხტის.
- აი, თუ გაიქცევა, მაშინ ვიტყვით რომ იღბალი ჰქონია! - კმაყოფილი იცინოდა ჯემალი.
მინიშნებას მივხვდი, მისი იღბალი მე უნდა ვყოფილიყავი. მოქმედება ფრთხილად უნდა დამეწყო, რაც ნაკლებს ეცოდინებოდა ჩემი გეგმების შესახებ მით უკეთესი. ჩემს თითოეულ ნაბიჯზე ადამიანის სიცოცხლე იყო დამოკიდებული.
ფიქრი გამორიცხვის მეთოდით დავიწყე. რამდენიმე ადგილი მეგულებოდა, სადაც შეიძლებოდა ზედმეტი აყალ-მაყალის გარეშე მოტაცებულის გადამალვა მოეხერხებინათ. ვხვდებოდი, რომ დროში საკმაოდ შეზღუდული ვიყავი. ამიტომ დასაზვერად იმ ღამითვე წავედი. საძებნი ობიეტებიდან ოთხი მაშინვე გამოვრიცხე. დამრჩა ორი შენობა, რომლებიც ძველი ადმინისტრაციული კორპუსების, კარკასული ნაგებობებისგან შედგებოდა. ცხოვრებაში პირველად დავლოცე, ის ადამიანი ვინც ბუნკერების და მიწისქვეშა გვირაბების არსებობა მოიფიქრა. ჯემალმა, რომ შეიტყო რომელი შენობების შესამოწმებლად მივდიოდი, აღნიშნული ნაგებობების არქივიდან ამოღებული ძველი სქემატური ნახაზები მაჩვენა. გული სიხარულით ამევსო. თუ გონივრულად ვიმოქმედებდი, შენობის ნებისმიერ წერტილში ისე შევიდოდი, რომ ჩემს იქ ყოფნას ვერავინ შეიტყობდა, მთავარია გუმანს არ ემტყუნა და მოტაცებული გოგონა მართლაც იქ ყოფილიყო. ყოველი შემთხვევისთვის ერთი დამხმარე წავიყვანე, რომელიც ავტომობილში დამელოდებოდა.
თავი რომელიმე ფილმის სუპერ-გმირი მეგონა, მივდიოდი დატყვევებული ქალის გადასარჩენად, რომელსაც ჩემს არსებობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ნიღაბი სახეს მიფარავდა. მქონდა მხოლოდ პისტოლეტი, მძიმე სასროლი იარაღები სპეციალურად არ ავისხი, ან რა აზრი ჰქონდა? თუ გამომიჭერდნენ ალბათ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი რაც არ უნდა არსენალი მქონოდა ასხმული. ხოლო თუ ღმერთის წყალობით ყველაფერი გეგმით განხორციელდებოდა მაშინ ზედმეტ ტვირთად მექცეოდა.
თქვენთვის საინტერესო არ იქნება ძებნის პროცესი. უხმაუროდ, ჩუმად ვმოძრაობდი. შენობის შესასველთან რამდენიმე შეიარაღებული ადამინი დავინახე. ერთმენეთთან ღლაბუცით ერთობოდნენ, ჩემთვის აშკარად არ სცხელოდათ. ფრთხილად ჩავძვერი ბუნკერში და შემოვლითი გზით შენობაში შევიპარე. მოტაცებულის პოვნის იმედი თითქმის გადამეწურა, როცა ჩემს სმენას სუსტი, ღმუილის ხმა მოსწვდა. ხმას მივყევი. გავდიოდი ვიწრო და ჩაბნელებულ კოლიდორებს. გამიკვირდა, იმდენად დაუბრკოლებლად მივედი ოთახამდე საიდანაც ხმა გამოდიოდა. გარშემო დაცვას ვერ ვხედავდი. გამტაცებლები არსად ჩანდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს გოგონა ბედის ანაბარად მიატოვეს. როგორც კი დავრწმუნდი, რომ შენობაში ჩვენ ორის გარდა არავინ იყო. ხელის პატარა ფანარი ავანთე და გოგონას დავაკვირდი. ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, პირიც აკრული. სავარაუდოდ ამიტომაც უშვებდა ასეთ უცნაურ, დახშულ ხმას. მისი ჟღალი აბურდული თმა და ულამაზესი, ჭრელი თვალები მაშინვე თვალში მომხვდა.. ჩემს დანახვაზე შეშინდა, ალბათ ვერ გაიაზრა ვინ ვიყავი მტერი თუ მოყვარე. ტუჩზე ხელი მივიდე და ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო. გოგონა ხელში ავიტაცე და ისევ ფრთხილად წამოვედი ბუნკერისკენ. დაძაბული მოვდიოდი, სულ მეგონა რომ წუთი-წუთზე ვიღაც წამოგვეწეოდა, მაგრამ არა. ის ის იყო რომ საბოლოოდ თავი სამშვიდობოს დავიგულე და ტელეფონზე მძღოლსაც დავურეკე. სწორედ აქ დავიშვით საბედისწერო შეცდომა. მანქანა ჩართული ფარებით დაიძრა და გამტაცებლების ყურადღებაც მიიპყრო. ძვირფასი ტვირთიანად შეძლების და გვარად გავრბოდი, ის ის იყო, ავტომობილამდე მივედი და გოგონა უკანა სავარძელზე დავსვი, რომ მკერდში ტკივილიც ვიგრძენი. დავიგმინე, ავტომობილში კი არ ჩავჯერი, შეიძლება ითქვას მოწყვეტილად ჩავვარდი.
ტყვიების ზუზუნის ხმაში როგორც იქნა მოვშორდით ავბედით ადგილს. აშკარად დაჭრილი ვიყავი, მაგრამ არ მადარდებდა. რაც მთავარია გოგონა გადავარჩინე.
ქალი შეშინებული დაჭყეტილი თვალებით მომჩერებოდა.
- მომისმინე პატარავ და პარგად დაიმახსოვრე, მომტაცებლებმა ყურადღება მოადუნეს თუ არა, ხელ-ფეხი შენით გაიხსენი და ბუნკერიდან გამოიქეცი. ჩვენ შენთან არ ვყოფილვართ. გესმის ჩვენი?
გოგონა თანხმობის ნიშნად თავს მიქნევდა. ეხლაღა მივხვდი, რომ პირი ისევ აკრული ჰქონდა, შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოვაცალე სკოჩი და ხელ-ფეხი გავუხსენი.
- დაჭრილი ხართ? - შეშინებულმა მკითხა მან.
- არაფერია. მე კარგად ვიქნები, მთავარია თქვენ არ დაივიწყოთ. თქვენ თქვენით გამოიპარეთ.
- კი, მაგრამ... - აშკარად ეჭვი ეპარებოდა მას.
- ძალიან გთხოვთ, სანანებლად ნუ გამიხდით, თქვენს დახსნას.
- არა, როგორ გეკადრებათ. - უცებ მოვიდა გონს ის - ჩემი მხსნელების ვინაობა არ უნდა ვიცოდე?
გამეცინა: - არა მგონია ამას თქვენთვის მნიშვნელობა ჰქონდეს. წარმატებას გისურვებთ, მის...
- მე ტატიანა მქვია. - რატომღაც თითქოს გამებუტა გოგონა.
- კარგი სახელია ტატიანა. - ღიმილი გამეპარა ხმაში.
- თქვენს სახელს არ იტყვით?
ეს გოგონა მთლად კარგად ვერ იყო, სულ რამდენიმე წუთის წინ ტყვედ იმყოფებოდა, და იმის მაგივრად თავისუფლება გაჰხარებოდა, ეხლა ჩემი სახელი აინტერესებდა, თუმცა ალბათ სიმართლე უნდა გამემჟღავნებინა, მისი ინტერესი ძალიან მსიამოვნებდა.
- ეს თქვენ არაფერს მოგიტანთ. ბედნიერებას გისურვებთ ტატიანა. - მის სახლთან ახლოს ავტომობილი უსაფრთხო ადგილზე გავაჩერეთ და ქალი ჩამოვსვით. ვუმზერდით ვიდრე თვალს მიეფარებოდა და კმაყოფილები უკან წამოვედით.
პოპულალური ვიდეოები