ბრონქიტი - სასუნთქი ორგანოების დაავადებები
ბრონქიტი - სასუნთქი ორგანოების დაავადებები
ბრონქიტი არის ბრონქების ანთება. "დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის" მიხედვით ბრონქიტის ორი ფორმა არსებობს:

1. მწვავე ბრონქიტი - ტრაქეო-ბრონქიალური ხის ლორწოვანი გარსის მწვავე დიფუზური ანთება, ხასიათდება ბრონქული სეკრეციის მოცულობის გაზრდით და ხველებით.
2. ქრონიკული ბრონქიტი - ბრონქული ხის დიფუზური პროგრესული ანთებითი დაზიანება, რომელსაც თან ახლავს ნახველის ჰიპერსეკრეცია და ბრონქების დამცავი ფუნქციის დარღვევა.

მწვავე ბრონქიტის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ვირუსები (გრიპის, პარაგრიპის, ადენო და რინოვირუსები) და ბაქტერიები (პნევმოკოკები, სტრეპტოკოკები და ა.შ.). იშვიათად ბრონქიტის მიზეზი არის სოკო, ალერგენებთან კონტაქტი ან ტოქსიკური ნივთიერებების ინჰალაცია.

ბრონქიტი ითვლება ქრონიკულად თუ პროდუქტიული ხველა გრძელდება არა ნაკლებ 3 თვისა წელიწადში, ორი ან მეტი წლის განმავლობაში. მისი ძირითადი მიზეზებია:

1. მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედება ბრონქებზე (მტვერი, კვამლი, ქიმიური ნივთიერებები).
2. რესპირატორული ინფექციების ხშირი რეციდივი.
3. ნესტიანი და ცივი ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედება.

ინფექციის გავრცელება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ვირუსები იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედების დაზიანებას და მათ სიკვდილს, რაც ქმნის ბრონქების ქსოვილში ბაქტერიული ფროლის შეჭრის პირობებს. ჩვეულებრივ, ანთება ქრება და რესპირატორული ტრაქტის დაზიანებული ლორწოვანი აღდგება რამდენიმე კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი ხდება ქრონიკული. მწვავე ბრონქიტი ჩვეულებრივ გრძელდება 10 დღე. ისევე როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, შესაძლოა თან ახლდეს გაციებას ან გრიპს, ასევე შეიძლება დაიწყოს თავისთავად. დაავადება, ჩვეულებრივ იწყება მშრალი ხველით, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი, განსაკუთრებით ღამით. რამდენიმე დღის შემდეგ მშრალი ხველა გადადის სველ ხველაში, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი.

მწვავე ბრონქიტი, რომელიც არის ვირუსული ეტიოლოგიის არ საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას. ეს უკანასკნელი ნაჩვენებია ბაქტერიული ეტიოლოგიის ბრონქიტის დროს. ასევე, სამკურნალოდ გამოიყენება ნახველის გამათხიერებელი, ამოსახველებელი მედიკამენტური საშუალებები.

წყარო: med-doctor.net